ბათუ ქუთელია: საქართველო-რუსეთის დიალოგს ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებიც უნდა ესწრებოდნენ

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, თუკი საქართველოსა და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთს შეხვდებიან, ეს არ უნდა იყოს ორი ქვეყნის პირისპირ დიალოგი.
როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამ შეხვედრის გამართვის შემთხვევაში აუცილებელია მოლაპარაკებებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრონ. თუმცა, ქუთელიას თქმით, სავარაუდოდ, მსგავსი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს. ქუთელიამ მოქმედი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მთლიანად მოშლილია და არანაირი სტრატეგიული ხედვა არ არსებობს. მისი თქმით, ქართული პოლიტიკის ძირითადი ხაზი დღეს რუსეთთან მაამებლური საუბრებია.
„ნებისმიერი ტიპის უმაღლეს შეხვედრას მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდება. მე არ მგონია, რომ ეს სამუშაოები მიმდინარეობდეს. ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთთან, რომელიც ორმხრივ დახურულ ფორმატში ჩაატარა საქართველომ ყოველთვის მნიშვნელოვანი ზარალით დამთავრდა, ხოლო ის ფორმატები, რომელშიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ ჩართულები, ძალიან ხშირად ჩვენი წარმატებით მთავრდებოდა, იმ ინტერესების გათვალისწინებით, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ინტერესებში იყო. ნებისმიერი ასეთი მოლაპარაკება კარგად უნდა იყოს მომზადებული, რომ ჩვენ მივიღოთ ის, რაც ჩვენს ინტერესებშია. თუკი არის შექმნილია წინაპირობა, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ შეხვედრა აუცილებელი და კარგია, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დე ფაქტო ანექსია გრძელდება, ირღვევა ყველანაირი პირობა და საერთაშორისო ნორმები, ძნელად წარმომიდგენია, რუსეთის ხელისუფლებასთან რაზე უნდა იყოს საუბარი“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები