თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ როლანდ ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს
ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 14:00-ზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრის როლანდ ახალაიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორობის პერიოდთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო ედება ბრალი. კერძოდ კი, 2009 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია, მოქალაქე მარინა ესებუას მის მეუღლესთან, მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა, ქველმოქმედების მიზნით, არარსებული “ანაკლიის განვითარების ფონდის” ანგარიშზე 150 000 ლარის ჩარიცხვას სთხოვდა. მის მიერ გადაცემული საბანკო რეკვიზიტები კი რეალურად ბიზნესმენ სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია “სანის” საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები იყო.
პროკურატურის განცხადებით, მარინა ესებუა იძულებული იყო, რომ აღნიშნული თანხა მისთვის მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე ჩაერიცხა. 15 ათასი ლარი კი ზემოთ ხსენებული კომპანიის კომერციული მიზნებისთვის გაიხარჯა.
“ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში, როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 60 000 ლარი შეეტანათ კვლავ მისი ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას ფირმის შპს “სანის” ანგარიშზე. 2009 წლის 25 დეკემბერს, როლანდ ახალაიას მოთხოვნის შესაბამისად, ბრალდებულების ახლობელმა პირმა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 60 000 ლარი ჩარიცხა “სანის” საბანკო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, საერთო ჯამში, 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, რის სანაცვლოდაც ბრალდებულებს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალათ პირობითად. რაც შეეხება შპს “სანის” საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ 60 000 ლარს, იგი არ აასახა საპროცესო შეთანხმების ოქმში და სრულად გაიხარჯაროლანდ ახალაიას ახლობლის ფირმის შპს “სანის” კომერციული მიზნებისთვის”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ახალაიას სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი დაუმტკიცდება, ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.