ჩეხეთმა საქართველო – ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რატიფიკაციის საკითხს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.
პრესსამსახურის ცნობით, პლენარულ სესიაზე, რომელიც 2015 წლის 18 მარტს გაიმართა, სენატორებთან ერთად, სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი, რომელმაც რეკომენდაცია მისცა სენატს რატიფიკაციის პროცესისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით. მანვე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებულ პროცესზე და შეეხო ქართული სახელმწიფოს ისტორიისა და კულტურის ასპექტებს, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ ფასეულობებთან. ასევე, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის პარლამენტი ორპალატიანია და ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა საერთაშორისო ხელშეკრულებები ან კონსტიტუციური შესწორებები, ორივე პალატის თანხმობას მოითხოვს. მეორე, წარმომადგენლობით პალატაში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს რატიფიკაციის პროცესი. პირველი ეტაპი დასრულებულია და მეორე მოსმენისთვის დოკუმენტი უკვე გადაეცა განსახილველად საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები