პრემიერი: ცხრაწლიანი რეჟიმის შესახებ ბავშვებისთვის ფილმის ჩვენება იყო პროვოკაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი რეჟიმის შესახებ ბავშვებისთვის ფილმის ჩვენება იყო პროვოკაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაიგეგმა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ბავშვების მიყვანა აღნიშნული ფილმის ჩვენებაზე გამიზნულად მოხდა.
„აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ იქ სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ როგორ ნახეს ეს ფილმი ბავშვებმა, არ საუბრობენ არაფერს იმაზე, რომ ეს ძალდობა, რასაც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ, სწორედ მათ მიერაა განხორციელებული.
რამდენიმე ბავშვი შეიპარა ჩვენებაზე. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ესენი „თავისუფალი ზონის“ აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. მოგეხსენებათ, როგორც ექცეოდნენ ბავშვებს ციხეში, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და მთელი საზოგადოების ყურადღება, მათ შორის განათლების სამინისტროსი, მიმართეს სწორედ იმ მიმართულებით, რომ რამდენიმე ბავშვი იყო შეპარული, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს რეგიონებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენება გაიმართა.
ფილმის ჩვენებაზე არასრულწლოვნების დასწრება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა და პოლიტიკოსებმა გააპროტესტეს. მომხდარს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი აპარატი ფაქტის შესწავლას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები