დავით ბაქრაძე: ჟენევის ფორმატი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს

ჟენევის ფორმატი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მინისტრი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისა და ჟენევის მოლაპარაკებების დამთხვევის საკითხსაც გამოეხმაურა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი ანექსიური პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. სამწუხაროა ისიც, რომ ეს დაამთხვიეს ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდს, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ უმნიშვნელოვანეს და ერთადერთ ფორმატად პოლიტიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით რუსეთთან დიალოგისათვის, რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს და განმტკიცდეს.
რაც შეეხება თავად დოკუმენტს, ამ თვალსაზრისით კონსოლიდირებული იყო საერთაშორისო საზოგადოება და ამის დასტურია, რომ წინმსწრებად გაკეთდა განცხადებები ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ მათი პოზიცია აბსოლუტურ თანხვედრაშია საქართველოს პოზიციასთან“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები