„ხმების რამდენ პროცენტსაც მიიღებს პოლიტიკური პარტია, მანდატების რაოდენობაც იმდენივე უნდა ჰქონდეს“

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით 11 არასაპარლამენტო სუბიექტის მიერ შედგენილ მემორანდუმზე ისაუბრა.
კაციტაძის განცხადებით, მომავალ არჩევნებზე დამატებითი კითხვების მოსახსნელად, საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო ოპოზიციასთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო რგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხზე დიალოგს და საერთო დოკუმენტზე შეჯერებას სთხოვენ.
„ჩვენ შევაჯერეთ საერთო ხედვა საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, რის შემდგომაც საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით სამოქალაქო მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თერთმეტმა პოლიტიკურმა და 15 -მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა. ამის შემდეგ დოკუმენტი უკვე პარლამენტში შევიდა, სადაც მას ხელი უკვე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერეს. მხარდაჭერა აღგვითქვა პრეზიდენტმა და მემორანდუმზე ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მემორანდუმში სამ რამეზეა საუბარი: 1. არ ვარგა მოქმედი საარჩევნო სისტემა, 2. ამ უვარგისობის გამომწვევი არის საარჩევნო სისტემის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ნაწილი, 3. ამომრჩევლის ხმის წონა უნდა იყოს თანაბარი ყაზბეგშიც, ხულოშიც, ქუთაისშიც და თელავშიც, და ეს ახალი საარჩევნო სისტემით დაცული უნდა იყოს. ხმების რამდენ პროცენტსაც მიიღებს პოლიტიკური პარტია, მანდატების რაოდენობაც იმდენი უნდა მიიღოს პარლამენტშიც და საკრებულოშიც. ჩვენ – ყველანი ამაზე ვაწერთ ხელს და მივმართავთ ხელისუფლებას, რომ დავსხდეთ მაგიდასთან და შევჯერდეთ დოკუმენტზე. ეს სისტემა საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, რომ მანდატების 30% მოიპაროს“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები