საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო EULIS-ის ასოცირებული წევრი გახდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის “ევროპის მიწის შესახებ საინფორმაციო მომსახურების“ ( EULIS) ასოცირებული წევრი გახდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სტატუსით სააგენტოს საშუალებას აქვს, საკუთარი ოფიციალური ვებგვერდის ბმული EULIS-ის პორტალზე: www.eulis.eu განათავსოს, ხოლო თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მარტივად მოძიების შესაძლებლობა მისცეს.
EULIS- ი მიწის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას მთელი ევროპის მასშტაბით აერთიანებს.
ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე www.eulis.eu მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ქვეყნის მიწის რეესტრების შესახებ სრული მონაცემებია განთავსებული.
EULIS -ის მიზანია, ევროპის უძრავი ქონების შესახებ ელექტრონული ინფორმაცია ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს და ევროპის ერთიანი ქონების ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ის ლიცენზირებულ მომხმარებლებს, მაგ: ბანკებს, იურისტებს, უძრავი ქონების აგენტებს, აუდიტებს, სააღმსრულებლო სააგენტოებს, სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო სამართალთან დაკავშირებულ სხვა პროფესიონალებს EULIS-ის წევრთა რეესტრებში ინფორმაციის მოძიების საშუალებას აძლევს. “წარმატებულმა რეფორმებმა და დონორ ორგანიზაციებთან ეფექტურმა თანამშრომლობამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი პროორიტეტები დაუსახა. დროთა განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია გახდა. მთელი ეს წლები ვცდილობდით, საერთაშორისო სივრცის ნაწილი გავმხდარიყავით და ვამაყობთ, რომ დღეს უკვე არაერთი წარმატებული ორგანიზაციის წევრი ვართ. EULIS-ში გაერთიანება მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე ვგეგმავთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით EULIS-ის პორტალზე განვათავსოთ საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც ევროპული საზოგადოებისთვის მარტივად ხელმისწვდომი იქნება “, – აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.
Eulis-ის კონცეფცია სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს. მის ფინანსურ მხარდაჭერას ევროპის კომისია ახორციელებდა. ოფიციალურად კი იგი ვებსერვისის სახით 2006 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. ამჟამად მისი მომსახურებით ჰოლანდია, ინგლისი და უელსი, ნორვეგია, ლიტვა, ირლანდია, შვედეთი და ევროპის სხვა ქვეყნები სარგებლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები