დავით უსუფაშვილი ინტერფრაქციულ ჯგუფს შეხვდა და მემორანდუმს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრა გამართა. მისი განცხადებით, ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებას. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრისთვის და თანამშრომლობისთვის. მათ დავით უსუფაშვილს ხელმოწერილი მემორანდუმი გადასცეს. პარლამენტის თავჯდომარემ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
“საქართველოში დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა, რაც შესაბამისი საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს”,- ნათქვამია დოკუმენტში. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისია უფრო ინტენსიური მუშაობის რეჟიმში გადავა და კომისიის ფორმატში განხილული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემასთანაა დაკავშირებული. მან მემორანდუმზე ხელმომწერებს შესთავაზა, რომ საკუთარი წინადადებები საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯფუფებში წარმოადგინონ. ,,ჩემი პირადი ამოცანაა, რომ საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად მიუახლოვდეს დემოკრატიულ სტანდარტებს “,- განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები