რა კავშირშია დასუფთავების მანქანები საცობებთან – თბილისელი მძღოლები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
დედაქალაქის ხელმძღვანელობისთვის საცობი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, მძღოლებისთვის კი მთავარ პრობლემად რჩება. მძღოლები და სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ სხვადასხვა ფაქტორთან ერთად დედაქალაქში საცობის შექმნას ქალაქის ვიწრო ქუჩებში, განსაკუთრებით პიკის საათებში დასუფთავების მანქანების გადაადგილება განაპირობებს.
“კვირასთან“ საუბრისას მძღოლები და საკითხზე მომუშავე სპეციალისტები მერიას დასუფთავების მანქანების მოძრაობის სქემის შეცვლისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ პიკის საათებში ისედაც გადატვირთულ ქუჩებში დასუფთავების მანქანები დამატებით დაბრკოლებებს ქმნიან.
ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ მათთვის მგზავრის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიყვანის მიზეზი ასევე არაერთხელ გამხდარა ვიწრო ქუჩაში პიკის საათში მდგარი დასუფთავების მანქანა. მათი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში მგზავრთა ნაწილი მათ მიმართ გამოთქვამს უკმაყოფილებას და არ აინტერესებს გარემოება, თუ რატომ ვერ მივიდა დროულად დანიშნულების ადგილზე. დასუფთავების მანქანების გადაადგილების გრაფიკის მოგვარების აუცილებლობაზე საუბარია “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ საგზაო მოძრაობის სტრატეგიაში, რომელიც მუშავდება.
როგორც “კვირასთან“ საუბრისას ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა, როცა საუბარია საცობის გამომწვევ მიზეზებზე და მოგვარების გზებზე, მათ შორის აუცილებლად უნდა იქნას განხილული დასუფთავების ავტომობილების გადაადგილების რეჟიმი. მესხიშვილი ფიქრობს, რომ გამოსავალი არსებობს და შესაძლებელია პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარება. მისი თქმით, დასუფთავების მანქანებმა სამუშაო ღამის საათებში უნდა შეასრულონ და არა პიკის საათებში, როცა დედაქალაქში მოძრაობა ისედაც გადატვირთულია.
“დედაქალაქში საცობების არსებობას ერთი კონკრეტული მიზეზი არ განაპირობებს. ეს არის კომპლექსური პრობლემა. სავსებით საფუძვლიანია მძღოლების წუხილი იმის თაობაზე, რომ პიკის საათებში დასუფთავების მანქანები მათ დამატებით შეფერხებას უქმნით. შესამუშავებელია გრაფიკი, და ჩვენს სტრატეგიაში გაწერილი იქნება რეკომენდაციები, კონკრეტული შენიშვნები, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა. ჩვენი შრომის კოდექსი არ ზღუდავს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ღამის საათებში იმუშაონ, დღისით კი დაისვენონ, შესადგენია გრაფიკები. თბილისის ვიწრო ქუჩებში, მაგალითად, მთაწმინდის რაიონში პირადად მე არაერთხელ მინახავს, როგორ ბარიერს ქმნის დასუფთავების მანქანა და ასეთი სურათია დედაქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე. ასევე მოსაგვარებელია ურნების განლაგების საკითხი. ნაგვის ურნები პირდაპირ გზაზე დგას და მძღოლებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილს იკავებს. მათთვის ე.წ სპეციალური შეჭრილი უნდა იყოს გაკეთებული. აღსანიშნავია ერთი ფაქტორი, თბილისის მერიას თებერვალში დუბლინიდან სპეციალისტები ეწვივნენ. მათ თბილისში ტრანსპორტის ნაკადებისა და საცობების მოწესრიგებაზე იმსჯელეს. როგორც ითქვა, საკუთარ პრაქტიკაზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუწიეს რეკომენდაცია მერიას, პარადოქსია – მაშინ, როცა ევროპის იმ ქალაქების ათეულში, სადაც საცობების პრობლემა დგას, დუბლინიც მოხვდა, როგორ უნდა გაგვიზიარონ მათ გამოცდილება და რა უნდა გვირჩიონ?!“- განუცხადა “კვირას“ დავით მესხიშვილმა.
ამასთან, მესხიშვილი ფიქრობს, რომ გადაადგილების რეჟიმის გარდა, მოსაგვარებელია ის საკითხი, რომ დასუფთავების მანქანებიდან აღარ ჩანდეს ნაგავი, რომელსაც კონტეინერებიდან ცლიან. “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარისთვის მიუღებელია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გადაადგილების ფორმა, როცა ისინი არა კაბინაში, არამედ მანქანის ძარის ბოლოს, კუთხეებში არიან “ჩამოკიდებულები“.
მესხიშვილის თქმით, თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. დასუფთავების მანქანების სხვა რეჟიმზე გადაყვანის გეგმაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში საცობების პრობლემის დაძლევის კონტექსტში საუბრობდა. „კვირა“ დაინტერესდა, დაიწყო თუ არა კონკრეტული ღონისძიებების გატარება დასუფთავების მანქანების სხვა რეჟიმზე გადაყვანისთვის.
„კვირასთან“ საუბრისას “თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის მოადგილე დავით დოლიძე აცხადებს, რომ დავით ნარმანიას დავალებით “თბილსერვის ჯგუფმა“ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.
მისი თქმით, აღნიშნული პერიოდიდან დასუფთავების სამსახურის მანქანები თბილისის რამდენიმე უბანში პიკის საათებში აღარ გადაადგილდებიან. “თბილსერვის ჯგუფში“ არ უარყოფენ, რომ დასუფთავების მანქანებმა, რომელთაც დიდი გაბარიტი აქვთ, შესაძლოა, გარკვეულწილად, საცობი შექმნან, თუმცა, დოლიძის თქმით, ცალსახად იმის თქმა, რომ დედაქალაქში საცობი მხოლოდ დასუფთავების მანქანების გადაადგილებით არის გამოწვეული, უსაფუძვლოა.
“ბატონი დავით ნარმანიას დავალებით, მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან საპილოტე პროგრამის განხორციელება დავიწყეთ, პროგრამის ფარგლებში თბილისის რამდენიმე უბანში პიკის საათებში დასუფთავების მანქანები აღარ გადაადგილდებიან: გლდანის, ნაძალადევის, ისნის, სამგორის, ვაკის, საბურთალოს რაიონებში. საპილოტე პროგრამის განხორციელებას ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები აკვირდებიან, რის შემდეგაც ისინი დადებენ დასკვნას, რომლის შესაბამისად პრობლემის მოგვარება დედაქალაქის დანარჩენ რაიონებშიც დაიწყება. ჩვენ გვესმის მძღოლების წუხილის, ვინაიდან დასუფთავების მანქანები საკმაოდ გაბარიტულია. მათ შესაძლოა. გზებზე დისკომფორტი შექმნან. თუმცა ცალსახად იმის თქმა, რომ საცობი მხოლოდ მათი გადაადგილებით არის გამოწვეული. არასწორია. თუ დასუფთავების მანქანები პიკის საათებში აღარ გავლენ დედაქალაქში, ეს ჩვენთვისაც უკეთესი იქნება, რადგან ნაკლები საწვავი დაიხარჯება, თუმცა ორი უკიდურესობაა. ნაგვის ბუნკერები, ძირითადად, საღამოს ექვსი საათის მერე ივსება, ამიტომ დასუფთავების სამსახურს საღამოს საათებში უწევს გასვლა. აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ, რომ საკითხი ეფექტურად გადაწყდება“,-განუცხადა “კვირას“ დავით დოლიძემ.
მარიამ ზედგინიძე