„ნაციონალებმა“ შესაძლოა, პოლიტიკოსის ლიკვიდაცია მოახდინონ“
საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა. ყოფილმა მინისტრმა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მცირერიცხოვნობის გამო გამორიცხა. თუმცა, მისივე თქმით, თავად ოპოზიციური პარტიის ლიდერები დესტაბილიზაციის სცენარის განვითარებისთვის ემზადებიან და ამისთვის თანხები უკრაინიდან შემოაქვთ. ვალერი ხაბურძანიამ არ გამორიცხა, რომ ყოფილი სახელისუფლებო გუნდი პროვოკაციაზე წავიდეს, ნემცოვის გარდაცვალების მსგავსი სცენარი დადგას და საკუთარი პარტიის წარმომადგენლის ლიკვიდაციაც კი მოახდინონ, რომ შემდეგ ეს მკვლელობა პოლიტიკური სარჩულით შეიფუთოს.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ ყველაფერია მოსალოდნელი, იქნება ავანტიურები, პროვოკაციები, მაგრამ ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში არ გადაიზრდება, რადგან მათ ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ. მოსალოდნელია ნემცოვის ტიპის ვარიანტის გათამაშებაც. შეიძლება საშუალო დონის პოლიტიკოსს მიაყენონ ფიზიკური ტრავმა, შეიძლება მისი ლიკვიდაციაც მოახდინონ. მერე გამოძიება მივა იქამდე, რომ თითქოსდა, ეს ვიღაცამ ჩაიდინა იმის გამო, რომ ეს გარდაცვლილი მთავრობის წინააღმდეგ გამოდიოდა. ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ფულადი სახსრების მაქსიმალურ მობილიზებას ახდენს. ამ ფულის მობილიზებას ისინი უკრაინაში ახდენენ. რაც საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინაში დაინიშნენ, იქ კორუფციამ იმატა. ფაქტია, რომ ეს ხალხი უკრაინაში არა მეგობარი ქვეყნის ინტერესების, არამედ საკუთარი ბიზნესის გასაუმჯობესებლად ჩავიდა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ქართველების მობილიზება ხდება. ისინი პროვოკაციებს მოაწყობენ, რომ დესტაბილიზაციის სცენარი გაააქტიურონ“,- განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.