ნიკა ნატროშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა

ნიკოლოზ ნატროშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  სასამართლომ განაჩენი დაადგინა, – ამის შესახებ “კვირას” საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
“2015 წლის 16 მარტს, თბილისის საქალაქო  სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ნიკოლოზ ნატროშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების პაატა გოშაძისა და თეიმურაზ აფციაურის  მიმართ.

საქმე ეხება, 2014 წლის 21 ივნისს, ქ. თბილისში, დაბა კიკეთში პაატა გოშაძესა და ნიკოლოზ ნატროშვილს შორის, ვალის დაბრუნების თაობაზე მომხდარ ურთიერთშელაპარაკებას, რომელიც შემდგომ ჩხუბში გადაიზარდა.

განაწყენებული პაატა გოშაძე შურისძიების მოტივით, მოგვიანებით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული  ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა დაბა კიკეთში და, თეიმურაზ აფციაურის თანდასწრებით, განახორციელა რამდენიმე გასროლა  ნიკოლოზ ნატროშვილის მიმართულებით. დაზარალებულ ნიკოლოზ ნატროშვილს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიადგა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პაატა გოშაძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. თეიმურაზ აფციაურს კი ბრალი დაედო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის.

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას თეიმურაზ აფციაური სრულად დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას, ხოლო  პაატა გოშაძემ  წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. თუმცა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და  საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღებული მასრებით, ჩატარებული სამედიცინო, ბალისტიკური, ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. პაატა გოშაძეს შთანთქმის პრინციპის თანახმად, საბოლოოდ, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თეიმურაზ აფციაურს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 8 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 9 მოწმე, მათ შორის, თავად ბრალდებულები.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მეშვეობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები