ირაკლი ალასანია გოგი თოფაძის განცხადებას ეხმაურება
ნატოსთან დაკავშირებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაჩენილი ტენდენცია შემაშფოთებელია, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საპარლამენტო ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარის, გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, თოფაძის განცხადება სიახლე არ არის, რადგანაც მსგავსი საუბარი კოალიციაში სხვა დროსაც ყოფილა.
„ეს ტენდენცია, რომელიც კოალიციაში გაჩნდა, შემაშფოთებელია. ჩემი აზრით, ისეთმა წევრებმა, როგორიც დემოკრატიული და დასავლური ღირებებულებების მატარებელი „რესპუბლიკელები“ არიან, ძალიან ცხადი პოზიციონირება უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება შეუძლებელია. თოფაძის თქმით, ალიანსის „ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში, უკრაინა მონაგონი იქნება“.