ვალერი ხაბურძანია: ნინო გვენეტაძე საუკეთესო კანდიდატია
„საქართველო ნინო გვენეტაძის მსგავს კანდიდატს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის ვერ იპოვის“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ხაბურძანიას შეფასებით, გვენეტაძე როგორც პროფესიული კუთხით, ისე მისი პიროვნული მახასიათებლებით საუკეთესო კანდიდატია.
„მე საქართველოში სამი ძლიერი იურისტი ქალი ვიცი. ესენი არიან: ნინო გვენეტაძე, მაია მწარიაშვილი და ევა გოცირიძე. ნინო იქნება საუკეთესო კანდიდატი. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს მის პიროვნულ თვისებებს, ის ძალიან გაწონასწორებული, წყნარი, მშვიდი და ერთ-ერთი საუკეთესო იურისტია. მე ვფიქრობ, რომ მას არცერთ პოლიტიკურ ძალასთან პირდაპირი ბმები არა აქვს. საქართველო დაკარგავს ძალიან ბევრს, თუ ნინო გვენეტაძეს რაიმე ფორმალურ წინააღმდეგობას შეუქმნის. ამ თვალსაზრისით ეს პარლამენტი იქნება ძალიან ცუდი“,- განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.