ვალერი ხაბურძანია პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად ლეგალურ ფულს ეძებს

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად ფულის მოძიებას ცდილობს.
როგორც ვალერი ხაბურძანიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ამ მიზნით მან მოსკოვში შეხვედრები უკვე დაიწყო. ყოფილი მინისტრი პარტიის შექმნის შესახებ რუსეთში მყოფი ქართველი ბიზნესმენების იმ შვილებს შეხვდა, რომელთაც, რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, პარალელურად საქართველოს მოქალაქეობაც აქვთ და კანონმდებლობა საქართველოში პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსების საშუალებას აძლევთ.
„პოლიტიკა დღეს ძალიან ძვირია. განსაკუთრებით ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ გააძვირა. მაჟორიტარი დეპუტატი რომ გახდე, 500 000 დოლარზე მეტია საჭირო. რომ შექმნა პარტია, რომელსაც რეგიონალური დანაყოფები ექნება და იმუშავებს, 5 მილიონი დოლარი არ ეყოფა. პლუს საჭიროა ტელევიზია. 5- დან 12 მილიონამდე წელიწადში ნორმალური ტელევიზიის შექმნას სჭირდება. ამ ფულის შეკრება ლეგალურად უნდა მოხდეს. მე ვეძებ ლეგალურ ფულს, რისთვისაც მოსკოვში უკვე შევხვდი საქართველოდან წასული ბიზნესმენების შვილებს, რომელთაც სააკაშვილის მმართველობის დროს ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭათ და ერთდროულად როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები არიან. ამ ახალგაზრდების ნაწილი კინოხელოვნებაში საქმიანობს, ზოგი მათგანი ფიზიკოსია, ბევრი მათგანი კი – ახალგაზრდა ბიზნესმენი. გვქონდა არაფორმალური შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ დაფინანსებაზე, აპრილში კი უფრო დიდი, უკვე ოფიციალური შეკრების გამართვას ვგეგმავთ. ამ კონტექსტში შეიძლება ვისაუბროთ ფონდზე, რომლის მეშვეობითაც საქართველოში პოლიტიკური პარტია შეიქმნება. ეს პარტია იმ მიმართულებების ალეტერნატიული იქნება, რომელიც საქართველოში მოდური და გაბატონებულია. მე ამ პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი ვიქნები. ალტერნატივა ყოველთვის უბედურება არ არის. თუ სხვა მიმართულება უკეთესია, ეს უნდა დამტკიცდეს“,- განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები