რა შემთხვევაში მიიღებს საქართველო ვიზების ლიბერალიზაციას

 საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისრის წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე ყველანი თანხმდებიან, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქვეყნის დამსახურების მიხედვით.
ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტის კითხვის – „რას უნდა ელოდოს საქართველო რიგის სამიტისგან“- პასუხად განაცხადა. “ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ქვეყნის დამსახურების მიხედვით. ეს ნიშნავს იმას, რომ ის დაფუძნებული უნდა იყოს ევროკომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე. შეფასება კომისიამ რიგის სამიტამდე უნდა წარმოადგინოს. ვადასტურებ, რაც განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და რაც ითქვა ერთი კვირის წინ რიგაში.
დღეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “თუ იქნება ევროკავშირის პოზიტიური შეფასება, მაშინ საქართველომ უნდა მიიღოს ვიზების შემდგომი ლიბერალიზაცია”.
ევროკომისარმა, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა კი განაცხადა, რომ ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით შეფასებების გასაკეთებლად კონკრეტულ მეთოდოლოგიას მიყვებიან.
“ამ დროისთვის ანგარიში ჯერ კიდევ არ გვაქვს. ამიტომ საკმაოდ ადრეა არსებითი შინაარსის კომენტარის გაკეთება”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ევროკომისრის კომენტარები “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები