“სპეცრაზმელები და პოლიციელები სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ და საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ასპინძაში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს შენობის გახსნისას სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს 10 წლის იუბილეც მიულოცა. ამასთან, მან პოლიციელებისა და სპეცრაზმელების საქმიანობას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ მათი შრომა ფასდაუდებელია, რადგანაც სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ. ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნულ რეგიონში მანამდე სპეცრაზმი არ იყო. შესაბამისად, მოქალაქეების დაცვის მიზნით აღნიშნული სამმართველოს გახსნა განსკაუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
“აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ასზე მეტი ობიექტის რესტავრაცია, რეაბილიტაცია მოვახდინეთ და პრაქტიკულად, ყველა სამხედრო ბაზა იქნა გარემონტებული, აღჭურვილი. სპეცრაზმელებს უფრო მეტი თანამედროვე შეიარაღება, ეკიპირება გადაეცათ. პოლიციელები და სპეცრაზმელები განსაკუთრებული ხალხია. ისინი პირდაპირი მნიშვნელობით, ტყვიაზე მიდიან, საკუთარ მოქალაქეებს იცავენ, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ და სიცოცხლეს სწირავენ. ამ განსაკუთრებულ ხალხს სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან დაფასება სჭირდებათ. ასე რომ კდიევ ერთხელ ვულოცავ ყველას დღევანდელ დღეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.