აშშ-ის საელჩო საქართველოში: შეშფოთებულნი ვართ იმ ამბით, რომ მთავრობის ყოფილ წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენეს

ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის დამძიმების საკითხს ამერიკის საელჩო განცხადებით პასუხობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო აღშფოთებულია აღნიშნული გადაწყვეტილებით და მტავრობას მოუწოდებს, კანონის უზენაესობის გასამტკიცებლად ნაბიჯები გადადგას.
“შეშფოთებულნი ვართ იმ ამბით, რომ მთავრობის ყოფილ წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენეს, ან ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალეს. ახალი ბრალდებები, განსაკუთრებით თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის გასამტკიცებლად, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი აღქმა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კამპანიაშია ჩართული”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ამერიკის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი – დაუმძიმდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები