რა დაგიჯდებათ ხმაური ღამის საათებში – საკრებულო ხმაურთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აწესებს

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ხმაურთან დაკავშირებით შემუშავებულ რეგულაციებზე ისაუბრა.
როგორც კობახიძემ განმარტა, კანონპროექტის შემუშავება გასართობი და სხვა დაწესებულებებიდან გამომავალი ხმაურის შედეგად მოსახლეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დარეგულირების საჭიროებამ განაპირობა.
“თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ორი თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საქართველოს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თაობაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს აღნიშნული საკითხის მარეგულირებელ ნორმას. კანონპროექტი ითვალისწინებს ქმედების ან უმოქმედობის – რაც დაკავშირებულია ხმაურის დადგენილი ნორმების დარღვევასთან – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევის საკითხს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს და ადმინისტრაციული სახდელის სახეს, ასევე განსაზღვრას უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს, რომელიც მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას და შეუფარდებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენს ხმაურის დაშვებული ნორმა დღისით და ღამით განსხვავებული იქნება. დაწესებული ნორმის დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 150-300 ლარია და იურიდიული პირებისთვის 500-1000 ლარი იქნება. ხმაურზე რეაგირება პატრულს დაეკისრება, ხოლო გამოძახება „112 “-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა თედო კობახიძემ.
რაც შეეხება დადგენილ ნორმებს, ის ასე განისაზღვრა: “დღის საათებში, დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე, 40 დეციბალს, ხოლო საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათემდე – 30 დეციბალს არ უნდა უნდა აღემატებოდეს ხმაური“,- აღნიშნა თედო კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს, პატრულის თანამშრომლების გადამზადება მოხდება და ხმაურის გასაზომი სპეციალური აღჭურვილობებიც გადაეცემათ. ხმაურის დონე კი არა უშუალოდ ხმაურის ადგილას, არამედ იმ ადგილას გაიზომება, საიდანაც ხმაურით შეწუხებულმა მოსახლემ დარეკა. რაც შეეხება ბარებსა და რესტორნებს, საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, მათ შეუძლიათ მუსიკა იმ ხმაზე ააჟღერონ, როგორზეც სურთ, თუმცა უნდა უზრუნველყონ, რომ ეს ხმა დაწესებულების გარეთ არ გავიდეს ისე, რომ ამით მოსახლეობა შეწუხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები