თბილისში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართება

ქართული მხარის ინიციატივით, თბილისში, 11 მარტს, ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მიზანია ასოცირების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მოლოდინებს, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის კუთხით ასოცირებული პარტნიორების მიერ საერთო პოზიციების შეჯერებას.
სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიზიტით ეწვევიან: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლენა ზერკალი და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იულიან გროზა, რომლებსაც თბილისში მათი ქართველი კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, თამარ ბერუჩაშვილთან. სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი ვიზიტის დროს ასევე გათვალისწინებულია უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა, რომლებიც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს და აქტუალური საკითხების განხილვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელი და მოლდოველი სტუმრები ასევე გაეცნობიან საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები