ირანის საელჩო თეა წულუკიანს “გაუაზრებელი განცხადების” გაკეთებაში ადანაშაულებს

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, ირანელებისა და ირანის მოქალაქეების შესახებ გაკეთებული “გაუაზრებელი განცხადების” გაკეთებაში ადანაშაულებს.
ირანის საელჩოს განცხადებს საინფორმაციო “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ორიოდე გონივრული სიტყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის არაკვალიფიციურ და გაუაზრებელ განცხადებასთან დაკავშირებით ირანელებისა და ირანის მოქალაქეების შესახებ:
1992 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ირანი, რომელსაც სამიათასწლიანი ბრწყინვალე ცივილიზაციის ისტორია აქვს და გამორჩეული ადგილი ეკავა და უკავია მსოფლიოში, ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ირანი იყო ერთ–ერთი პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა და ბოლო ამ წლის განმავლობაში ყოველგვარი სირთულეებისა და გამოწვევების დროს საქართველოს უჭერდა მხარს.
ისტორიის მანძილზე, ირანელებს, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. ამრიგად, ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად მივიჩნიოთ. ამასთან ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა“, – ნათქვამია განცხადებაში.
თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონზე“ ისაუბრობრა და განაცხადა, რომ მასშტაბური რეფორმით ყველა ბედნიერი ვერ არის და მათ რიცხვში ბედნიერი არც ტურიზმის სააგენტოა. მისი თქმით, კანონის გავლენით, ბოლო ოთხი თვის მანძილზე, ჩინელი, ერაყელი, ირანელი და ეგვიპტელი ტურისტების რაოდენობა 42 000-ით შემცირდა.
„შევავიწროვეთ ეს და ბრიუსელში წარმატება მივიღეთ. რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას ველოდებით. ყველაფერი ერთ სამიტზე ვერ მოხდება. მაგრამ უნდა დაიწეროს შავით თეთრზე, რომ პერსპექტივა გაიხსნა. მერე შეგვიძლიათ, რომ უკვე დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია, ან ინვესტორია“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები