პრეზიდენტი ეკონომიკური გუნდის წევრებს მოუწოდებს, სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა წარმოადგინონ
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს მოუწოდებს, სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა წარმოადგინონ. როგორც გიორგი მარგველშვილის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ გეგმა 5 მარტს უნდა წარედგინათ, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა.
„გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, ვიცე-პრემიერს და ფინანსთა მინისტრს. შეხვედრაზე გაურკვეველ მიზეზთა გამო, სამწუხაროდ, არ გამოცხადდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
შეხვედრის შედეგად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ 5 მარტს წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით. სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, წარმოდგენილი იქნას სტაბილიზაციის გეგმა“, – განაცხადა აბაშიშვილმა.