სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მუშაობას შეუდგა – რას აცხადებს მთავარი პროკურორი

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი მოადგილეებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაცია მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა გახსნა და ახალი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი, ხოლო მოადგილედ – საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი კოკა კაციტაძე წარადგინა.
“საქართველოს მთავრობის და საქართველოს პროკურატურის აქტიური თანამშრომლობის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჩამოგვეყალიბებინა სწრაფი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა სამართალწარმოების მიმდინარეობისას და სასჯელის მოხდის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე. სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბების აუცილებლობა განაპირობა მოქალაქეთა მიერ პროკურატურის სისტემაში შემოტანილი განცხადებების სიმრავლემ და შინაარსობრივმა ერთგვაროვნებამ. სწორედ ამ განცხადებების სიმრავლის დროს სამართლებრივი მექანიზმის დასახვეწად ცალკეულ ფაქტებზე რეაგირების ორგანიზაციული ხარისხის ასამაღლებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შექმნელ ფაქტებზე სამართალწარმოება გააგრძელოს სწორედ სპეციალიზებულმა დეპარტამენტმა.
მინდა ყურადღება გავამახვილო საკადრო საკითხებზე, რომლითაც დავაკომპლექტეთ აღნიშნული დეპარტამენტი. გათვალისწინებულ იქნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და აღნიშნულ საკითხს მივუდექით მაქსიმალური სიფრთხილით. თანამდებობები დაიკავეს მაღალი პროფესიონალური უნარების მქონე პროკურორებმა და გამომძიებლებმა. ასევე ჩართულნი არიან დაზარალებულთა კოორდინატორები. ხსენებული დეპარტამენტის დასახელებული კადრებიდან არც ერთს სამართალწარმოების პროცესში და იმ პროცესებთან, რაზეც არსებობს დაზარალებულთა კითხვები, ან პრეტენზიები არ ჰქონიათ, არანაირი შეხება და მათზე საქართველოს პროკურატურაში და სხვა სამართალდამცავ უწყებაში არანაირი განცხადება და საჩივარი შემოსული არ არის“,- განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანია, გამოიძიოს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ. კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება, გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.
აღნიშნული დეპარტამენტი დაკომპლექტდა დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, 4 პროკურორის, 10 გამომძიებლის და 4 კოორდინატორის შტატით. დაკომპლექტების პროცესში გათვალისწინებული იქნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კადრების შერჩევა მოხდა განსაკუთრებული სიფრთხილით. დეპარტამენტში გამომძიებლებად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ მთავარ პროკურატურაში შემოსულ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება. გამოსაძიებელი საქმეებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დეპარტამენტში დაზარალებულთა კოორდინატორების დანიშვნის შესახებ, რომლებიც საქმის შედეგებით დაინტერესებულ დაზარალებულებს მუდმივ რეჟიმში მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაუწევენ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მუშაობას უკვე შეუდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები