პრეზიდენტმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან შეხვედრაზე სავალუტო კურსთან დაკავშირებული სირთულეები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან და ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა სავალუტო კურსთან დაკავშირებული სირთულეები განიხილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, დღეს შეხვედრა ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებთანაც“ გამართა, რომლებიც, ისევე როგორც სხვა დეპუტატები სრულიად ლეგიტიმურად არიან დაინტერესებული, თუ როგორ დაიძლევა აღნიშნული ეკონომიკური სირთულეები.

„მე დღეს ასევე შევხვდი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რომელმაც წარმომიდგინა სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი ქმედებების ძირითადი მიმართულებები. ეკონომიკური გუნდის მინისტრები ახლა ინტენსიურად მუშაობენ სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელიც საქართველოში იმყოფება და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულებისთანავე, ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენენ სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი მოკლე და საშუალოვადიანი ქმედებების გეგმას. სავალუტო ფონდის მისია საქართველოდან 4 მარტს მიდის, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ 5 მარტამდე უნდა მივცეთ დრო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რათა ძალიან კონკრეტულად წარმოუდგინოს საზოგადოებას თავიანთი ხედვა არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები