ლადო ძნელაძემ მოსახლეობას 6 თვის ანგარიში წარუდგინა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლადო ძნელაძემ რაიონის მოსახლეობას 6 თვის ანგარიში წარუდგინა. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო რაიონში ჯანდაცვის, სოციალური თუ ინფრასტრუქტურის მიმართულებით წარმოებული სამუშაოები.
დიდუბის რაიონის ბიუროს და მაჟორიტარი დეპუტატის ძალისხმევით, დადებითად გადაწყდა 160 ადამიანის მედიკამენტოზური და 14 პირის ოპერაციული მკურნალობა. ბიურომ ასევე უზრუნველყო რაიონში არსებული უფასო სასადილოს რეაბილიტაციისა და დამატებით ახალის გახსნით 1200 ადამიანისთვის უფასო სადილის მიწოდება.
დეპუტატის შუამდგომლობის საფუძველზე დაფინანსდა 5 მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რაიონში მთლიანად მოხერხდა ბავშვების ბაგა-ბაღებით დაკმაყოფილებაც. სხვადასხვა ტიპის დახმარება გაეწიათ რაიონში მცხოვრებ შშმ პირებს. ამასთან, დიდუბის მაჟორიტარის ბიუროს და Word vision international-ის თანამშრომლობით, მოეწყო სოციალური აქცია ,,გაათბე ბავშვი’’, რომლის ფარგლებში შეგროვილი საჩუქრები ,,კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრის’’ და ორგანიზაციის ,,ბავშვი და გარემო’’ ბავშვებს გადაეცათ. პრეზენტაციაზე რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა გაწეული შრომისთვის ლადო ძნელაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ შედეგზე ორიენტირებული გუნდური მუშაობის პრინციპი იძლევა ბევრი კარგი პროექტის განხორციელების საშუალებას.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მსგავსი პრეზენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, საზოგადოება ყველა ჩატარებული სამუშაოს საქმის კურსში იყოს.
„ეს არის მერიის, გამგეობებისა და საკრებულოს კოორდინირებული მუშაობის შესანიშნავი მაგალითი’’, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
,,ჩვენ ყველაფერს ადამიანებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის ვაკეთებთ’’, -განაცხადა ლადო ძნელაძემ და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებასა და გვედზე დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზენტაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე გია სოლომონია, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონის გამგებლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.