ჩინური ენისა და კულტურის ოთახი გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინური ენისა და კულტურის ოთახის გახსნას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუე ბინი, თბილისის ვიცე-მერი ალუდა გოგლიჩიძე, საქართველოში კომპანია HUAWEI-ს წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები დაესწნენ. ოთახი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და HUAWEI-ს წარმომადგენლობის თანადგომით კომპიუტერული ტექნიკითა და საჭირო ავეჯით აღიჭურვა.
„რამდენიმე თვის წინ ჩინეთის ელჩი შეგვპირდა, რომ უნივერსიტეტში ჩინური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაში დაგვეხმარებოდა. სასიამოვნოა, რომ ეს დაპირება შესრულდა და „ჰუავეის“ დახმარებით აღიჭურვა აუდიტორია, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ თსუ სტუდენტებს, არამედ მდიდარი ჩინური კულტურით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ისარგებლოს ამ ცენტრით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტუდენტები მაქსიმალურად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს“, – ამბობს თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა.
გასულ წელს, ჩინეთის ელჩის იუე ბინის ინიციატივით თსუ-ს ჩინური ენის სახელმძღვანელოები და ჩინეთის შესახებ ლიტერატურა გადაეცა.
„მოხარული ვართ, რომ თსუ-ში გაიხსნა ჩინური ენისა და კულტურის ცენტრი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და საქართველო გეოგრაფიულად ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებმა ჩვენს შორის მანძილი კიდევ უფრო შეამცირა. თსუ სტუდენტებს, რომლებიც ჩინურ ენას სწავლობენ, ფართო შესაძლებლობები ეძლევათ. მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე გაიზარდა ჩინეთის მთვრობის სტიპენდიების რაოდენობა“, – ამბობს აქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუე ბინი.