თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. გამოფენა 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ თბილისთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წიგნები ლიტერატურის კრიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის კიტა აბაშიძის კოლექციიდან.
„25 თებერვალი ისტორიული დღეა ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნისათვის. ეს არის დღე, როდესაც ქართველები და მათ შორის ბევრი უნივერსიტეტელი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა. რაც შეეხება კიტა აბაშიძის გამოფენას, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ბიბლიოთეკის ისტორია დაიწყო სწორედ იმ საჩუქრით, რომელიც კიტა აბაშიძემ გაუკეთა უნივერსიტეტს. მან თავისი დანატოვარი ბიბლიოთეკა უნივერსიტეტს უსახსოვრა. ის, რაც გამოფენილია დღეს მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ დამთვალიერებელი ნახავს, თუ რა მდიდარი შენაძენი იყო უნივერსიტეტისთვის. ეს იყო უნიკალური წიგნები არა მარტო იმდროინდელ საქართველოში, არამედ ეს ეგზემპლარები დღესაც ერთადერთია და ისიც ჩვენ უნივერსიტეტშია“, – ამბობს თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა. ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრემ თარხუჯ ჯავახიშვილმა თსუ ბიბლიოთეკას 1925 წელს გადაღებული სურათი გადასცა, რომელზეც სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს წევრები არიან გამოსახულნი. სურათი იმითაც არის საინტერესო, რომ მასზე დატანებულია უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრთა, ცნობილ მეცნიერთა ხელმოწერები.
ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას და უნივერსიტეტის ეზოში აღმართული მემორიალი ყვავილებით შეამკეს; დაათვალიერეს კიტა აბაშიძის წიგნადი კოლექციის ნაწილი და ეპოქის ამსახველი ჟურნალ-გაზეთებიდან მის პუბლიცისტურ წერილებს გაეცნენ. ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, კიტა აბაშიძის, ივანე ჯავახიშვილისა და დაღუპულ იუნკერთა შთამომავლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები