როგორ აღმოჩნდა თბილისის ქუჩებში რუსული “ზილ-131“ – “კვირამ“ მფლობელთან ინტერვიუ ჩაწერა (ვიდეო)
შმაგი ტოხუსაშვილი: ამ ავტომანქანების შესყიდვით, ძირითადად, სოფლის მოსახლეობა ინტერესდება, მაგალითად – მეცხვარეები
რუსეთის სატრანზიტო ნომრის მქონე „ზილ-131“-ის მფლობელთან “კვირამ“ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ტრანსპორტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ შმაგი ტოხუსაშვილმა ინგუშეთში შეისყიდა და მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისთვის საქართველოში პირადად ჩამოიყვანა. შმაგი ტოხუსაშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც აღნიშნული მანქანის თბილისის ქუჩებში გამოჩენას მოჰყვა.
როგორც მფლობელი აცხადებს, სამხედროებთან არანაირი კავშირი არ აქვს, მსგავსი წარმოების მანქანა ადრეც ჩამოუყვანია, რასაც მაშინ მითქმა-მოთქმა არ მოჰყოლია. მისი თქმით, მანქანის შესყიდვის სურვილს, როგორც წესი, ძირითადად, რაიონების მცხოვრებლები გამოთქვამენ.
“ეს მანქანები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მათი შესყიდვით, ძირითადად, სოფლის მოსახლეობა ინტერესდება, მაგალითად – მეცხვარეები. აღსანიშნავია, რომ მანქანის კუნგში დამონტაჟებულია ღუმელი, შესაბამისად, მეცხვარეები მომთაბარეობისას ამ კუნგს საცხოვრებლად იყენებენ, რომ თბილად იყვნენ. რამდენიმე ისეთმა მსურველმაც დამირეკა, ვისაც მანქანის მხოლოდ საბურავი, ან სხვა ცალკეული ნაწილის შეძენა სურს. შესაძლოა, მანქანა დავშალო და ამ ფორმით გავყიდო, იმიტომ რომ მეტი მოგება დამრჩება“,- განუცხადა “კვირას“ ტოხუსაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ შმაგი ტოხუსაშვილს „ზილ-131“-ის გაყიდვის თაობაზე განცხადება “მაიავტო ჯე“-ზეც აქვს გამოქვეყნებული.
თუ როგორ აღმოჩნდა რუსული სატრანზიტო ნომრების მქონე ტრანსპორტი დედაქალაქის ქუჩებში, რატომ ვერ მოხდება მანქანის მესამე ქვეყანაში გაყვანა – ამ და სხვა საკითხებზე მანქანის მფლობელი „კვირასთან“ ვიდეოინტერვიუში საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ “კვირამ“ რუსთავის ავტობაზრობაზე რუსული სატრანზიტო ნომრების მქონე კიდევ ერთი სატვირთო ავტომობილი აღმოაჩინა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით. ფაქტმა სოციალურ ქსელში პოლემიკა გამოიწვია. ფეისბუქის მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ ფოტოზე ასახული რუსული „ზილ-131“ სამხედრო სფეროში, უმეტესად, სამხედრო პირების გადასაყვანად გამოიყენება.
მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა. უწყების განმარტებით, ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნიათ და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენენ. „სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვთ სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა ეკრძალებათ. ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის“, – წერდა სოციალურ ქსელში შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი.
https://www.youtube.com/watch?v=n-ScEQ0buuM&feature=youtu.be