„2016 წლის არჩევნებისთვის ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური კონფიგურაციაა შესაძლებელი“

პეტრე მამრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ შესაძლო ალიანსზე ისაუბრა.
მამრაძის განცხადებით, ასეთი ალიანსი მხოლოდ ფორმალური იქნება, რადგან არც „რესპუბლიკელებისთვის“ არ არის ალასანია პარტნიორი და არც პირიქით – ალასანიასთვის არიან „რესპუბლიკელები“ პარტნიორები. გიორგი მარგველაშვილი კი, მისი შეფასებით, პოლიტიკური ფიგურა საერთოდ არ არის, თუმცა, ამავდროულად, მისი შეფასებით, საქართველოში ნებისმიერი კონფიგურაცია შესაძლებელია.
„ახლოვდება 2016 წელი და არჩევნები. ძალიან ბევრი რამ მოხდება. „რესპუბლიკელებს“ ესმით, რომ მათ კოალიციაში არ დატოვებენ და იბრძოლებენ, რომ მაინც შევიდნენ პარლამენტში. კოალიცია შედგებოდა იმ სუბიექტებისგან, ვინც ივანიშვილის გარეშე საერთოდ პარლამენტში ვერ შევიდოდა და ბარიერს ვერ გადალახავდა. საქართველოში ნებისმიერი კონფიგურაცია შესაძლებელია. ვერავინ იფიქრებდა, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახდებოდა, მაგრამ ხომ გახდა? ვინმე იფიქრებდა, რომ „ახალი მემარჯვენეები“ და კუკავას პარტია ერთად იყრიდნენ კენჭს? პარტია, რომელსაც ნატოში გაწევრიანება უწერია პროგრამაში და პარტია, რომელიც საპირისპირო განწყობითაა ცნობილი. ნებისმიერი კონფიგურაცია შესაძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ პარტიები საერთოდ არ გვყავს. ჩვენ გვყავს ცალკეული ატამანების გარშემო გაერთიანებული ჯგუფები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი ხერხით იბრძოლონ“,- განაცხადა პეტრე მამრაძემ.
რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, მამრაძის განცხადებით, ამაზე საუბარი არასერიოზულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები