„მურმან დუმბაძემ მოინდომა, აჭარაში პატარა ასლან აბაშიძე გამხდარიყო“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიგა ბუკიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აჭარის რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და კოალიციის ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე გააკრიტიკა.
მისი განცხადებით, დუმბაძის მუშაობა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ აჭარაში რამენაირად ფესვები გაიდგას და პატარა ასლანი გახდეს.
„აჭარაში პარტია „ქართული ოცნების“ წევრებზე არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული. ეს იყო გაუგებრობა, ამ თემებში ჩარეული იყო მურმან დუმბაძე. ჩემი ინფორმაციით, ეს გაუგებრობა უკვე მოგვარდა. მურმან დუმბაძეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მის აქტიურ კომუნიკაციას და შეთქმულებას ვულოცავ. ვუსურვებ, წარმატებით გაგრძელდეს მისი პოლიტიკური მომავალი „ნაციონალების“ რიგებში. აჭარის მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას. მურმან დუმბაძის პრობლემა იყო ის, რომ მან მოინდომა აჭარაში პატარა ასლან აბაშიძე გამხდარიყო. ჩვენი ხელისუფლება ახალი ასლანების მიერ რეგიონების მართვას არ დაუშვებს. მე არ მინახავს, მას პარლამენტში კანონებზე აქტიურად ემუშაოს და რომელიმე კანონპროექტისთვის აქტიურად დაეჭიროს მხარი, ან გაეპროტესტებინოს. მისი მუშაობა შემოიფარგლება იმით, რომ აჭარაში რამენაირად ფესვები გაიდგას“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები