„მთავრობას ლარის კურსთან დაკავშირებით როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმები აქვს“
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობამ ლარის კურსთან დაკავშირებით როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმები შეიმუშავა.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გეგმა რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს.
“მოკლევადიანი გეგმა ითვალისწინებს მნიშვნელოვნად დაჩქარდეს პრივატიზაცია. ამავე გეგმაში იგულისხმება, გაიზარდოს ცნობადობა და ტურისტული მიმზიდველობა საქართველოში და ამაზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ბიუჯეტის და ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით პროგნოზის შემცირების კვალობაზე მოგვიწევს ბიუჯეტის გადახედვა. ბიუჯეტში არ შემცირდება ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტებისთვის, ასევე სოციალური კუთხით გამოყოფილი ხარჯები. ჩვენ სერიოზულ საგადასახადო სტიმულებზე ვმუშაობთ, ეს ეხება მშენებლობის სტმულირებას”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” შეხვდნენ.