„თუ სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, ლარის ჰიპერინფლაცია და კუპონიზაცია გარდაუვალი იქნება“

პეტრე მამრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლარის კურსის ვარდნაზე ისაუბრა და ეროვნული ვალუტის ნიშნულის მკვეთრი ვარდნა, სხვა მიზეზებთან ერთად, წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობით ახსნა.
სააკაშვილის ხელისუფლების მემკვიდრეობის გარდა, მამრაძე პრობლემას ექსპორტის შემცირებაში ხედავს. „სამწუხაროდ, გრძელვადიან პერიოდში, დოლარის მიმართ ლარის დევალვაციის შეჩერების არავითარი პერსპექტივა არ არსებობს. სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მემკვიდრეობა დატოვა, 4 ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარება იყო აღებული 2008 წლის შემდეგ და ვეებერთელა საგარეო ვალი, რომელიც ბანკებს, რკინიგზას და სხვა სტრუქტურებს აჰკიდეს. ჯამში, საგარეო ვალმა 13,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სააკაშვილის ხელისუფლებამ იმდენად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ახალ ხელისუფლებას, რომ ამ ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანა ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდებოდა. ვალების დამატებით აღება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, მაგრამ მათ ვერ შექმნეს სამუშაო ადგილები, ვერ მოიზიდეს საჭირო ოდენობის ინვესტიციები და ვერ დაძლიეს ის მონოპილიები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა. მეტსაც გეტყვით, შარშან ექსპორტი შემცირდა და იმპორტი გაიზარდა. საგარეო ვაჭრობის დისბალანსი კატასტროფულია. ჩემი ინფორმაციით, ის 5 მილიარდ დოლარზე მეტია. ეს უცხოეთიდან ქართველების მიერ გამოგზავნილი დოლარებით ბალანსდებოდა, იყო ტურიზმი და ის ნაღდ ფულს ტოვებდა. შემცირდა გზავნილები, ტურიზმი“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.
მანვე ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ხარჯვის შესაძლებლობაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, რეზერვების ხარჯვა ლარს მცირე ხნით გაამყარებს, თუმცა რეზერვი 6 თვეში განულდება. ამის შედგომ კი ლარის კუპონიზაციის საფრთხე შეიქმნება. „ეროვნულმა ბანკმა რომ დაიწყოს მყარი რეზერვის ხარჯვა, მოკლევდიან პერიოდში შეიძლება გაამყაროს, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რა ქნას? ეს რომ მოხდეს, ჩვენ ძალიან მალე მყარი რეზერვის გარეშე დავრჩებით. ნახევარ წელიწადში ბანკის რეზერვი განულდება. თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, ამის მერე გარდუვალი გახდება ჰიპერინფლაცია და ლარის კუპონიზაცია, რასაც ტექტონური პოლიტიკური ძვრები მოჰყვება“, – აღნიშნა მამარაძემ.
მისი თქმით, ის, რომ საკვები პროდუქტების 80% , ავეჯი, ტექნიკა, ტანსაცმელი თუ სხვა უცხოეთიდან შემოდის, საქართველოდან მყარ ვალუტას გარეთ ქაჩავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები