თბილისის მერია ხეების თვითნებურად ჭრის ფაქტებზე მასალებს რეაგირებისთვის შსს-ს გადაუგზავნის

ილია ჭავჭავაძისა და სანდრო ეულის ქუჩებზე ხეების თვითნებურად ჭრის ფაქტებზე მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ჭავჭავაძის ქუჩაზე თვითნებურად მოჭრილია 34 ძირი მწვანე ნარგავი, რის შედეგადაც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 10 176 ლარს შეადგენს. ხეების უნებართვო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა ასევე სანდრო ეულის ქუჩაზე, სადაც თვითნებურად მოჭრილია ოთხი წიწვოვანი ნარგავი (ფიჭვი). ამ შემთხვევაში ზიანის ოდენობა 2 976 ლარს შეადგენს. „ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. საქმე რეაგირებისთვის უკვე გადაეცა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, თბილისის ტერიტორიაზე ხეების უნებართვო ჭრა მკაცრად გაკონტროლდება და ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები