ავსტრია მზად არის, საქართველოში მიმდინარე პროექტებში აქტიურად ჩაერთოს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ფედერალური ინსტიტუტის დირექტორს, თომას რესლს შეხვდა. ავსტრიის მხარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიას შოროს სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
ნოდარ კერესელიძემ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და მათ განხორციელებაში ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა მთიან და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების და აგროტურიზმის ავსტრიული მოდელის შესწავლა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღსანიშნავია, რომ მევენახეობა-მეღვინეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა როგორც ავსტრიის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოში.
შესაბამისად, ამ მიმართულებითაც არსებობს ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების პოტენციალი.
შეხვედრაზე მხარეებმა ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ფედერალურ ინსტიტუტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. როგორც შეხვედრაზე თომას რესლმა განაცხადა, ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ფედერალურ ინსტიტუტს ათეულობით წლის გამოცდილება აქვს დაგროვილი სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევების წარმოების, მათ შორის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანი განვითარებისათვის. ავსტრიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად ჩერთოს საქართველოში ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ეგიდით მიმდინარე პროექტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები