ვახტანგ გომელაური ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მთავარი თემა იყო სადამკვირვებლო მისიის წვლილი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
შს სამინისტროს ცნობით, მხარეებმა კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის დამკვირვებლების როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და განიხილეს პრაქტიკული ურთიერთქმედების პერსპექტივები. ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2014 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა. ლიტველმა დიპლომატმა აღნიშნულ პოზიციაზე ტოივო კლაარი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. 2008 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას (და აწესებს შეზღუდვებს) საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ქართული პოლიციის მოქმედებებსა და მათ აღჭურვილობასთან დაკავშირებით; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედებს ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, რომელიც 24- საათიანი კავშირის ფორმას წარმოადგენს შსს-ს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის. „ცხელი ხაზი“ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში შექმნილ ერთ-ერთ წარმატებულ მექანიზმად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები