25 -წლიანი ლოდინის შემდეგ სოფელ დიცში საბავშვო ბაღი გაიხსნა

25- წლიანი ლოდინის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში საბავშვო ბაღი გაიხსნა. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელს დღეს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკისა და ლატვიის ელჩებთან, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად ესტუმრა.
„ჩემთვის ემოციური დღეა, რადგან დიცი ჩემი სოფელია, სადაც ბავშვობაში ხშირად ჩამოვდიოდი. აქ 25 წელიწადი არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი და ჩვენი მეგობრების დახმარებით გაიხსნა ახალი ბაღის შენობა. მინდა, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ მთავრობის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების სახელით,“–აღნიშნა პრემიერმა დიცში სტუმრობისას.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში საბავშვო ბაღის სრული ტექნიკური აღჭურვისთვის და განხორციელებულ პროექტს ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი უწოდა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა გრძნობდეს მხარდაჭერას.
„არავის დავიწყებია ეს სოფლები და მისი მოსახლეობა. არავის დავიწყებია, რომ თქვენი აქ ყოფნა და თქვენი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია“,– მიმართა რიჩარდ ნორლანდმა დიცის მოსახლეობას.
ლატვიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ელიტა გაველემ სოფელ დიცში საბავშვო ბაღის გახსნას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა. მისივე განცხადებით, პრემიერ–მინისტრისა და დიპლომატების სტუმრობა დიცში, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები და მათი პრობლემები. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში 25 წელია, რაც საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 2014 წელს, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ასევე ბერძნული სამედიცინო ფონდის – „ჰიპოკრატეს“ დახმარებით, გარემონტდა მუნიციპალური შენობა. საბავშვო ბაღის ინვენტარით სრულად აღჭურვა უზრუნველყო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ლატვიის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები