კახა კუკავა: „ელმავალმშენებლის“ დამალულმა გადასახადებმა 60 მილიონ ლარს მიაღწია
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა სს „ემავალმშენებლის“ ადმინისტრაციას გადასახადების დამალვაში ამხელს. მისი განცხადებით, თბილისში ყველაზე დიდი ქარხანა „ელმავალმშენებელი“ რამდენიმე წლის მანძილზე, შუამავალი ფირმების საშუალებით, გადასახადებს მალავს.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დამალულმა გადასახადებმა 60 მილიონ ლარს მიაღწია.
„დღევანდელი მთავრობა ხშირად აცხადებს, რომ ელიტური კორუფცია წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ჩვენმა პარტიამ კონკრეტული ფაქტები წარმოვადგინეთ. საუბარია, თბილისში ყველაზე დიდი ქარხნის „ელმავალმშენებლის“ შესახებ. ეს საწარმო რამდენიმე წლის მანძილზე, შუამავალი ფირმების საშუალებით, გადასახადებს მალავს, ხდება საგადასახადო ანგარიშების გაყალბება და იმპორტის დროს არასწორი ფასების დაფიქსირება საბაჟოზე. „ელმავალმშენებელის“ პროდუქცია შუამავალი კომპანიების საშუალებით იყიდება, რაც აკრძალულია,“ – განაცხადა კუკავამ.
მისივე განმარტებით, ამ საქმეზე გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო. თუმცა დღემდე არავინ არ არის დაკავებული.
„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, დამალულმა გადასახადებმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. ამ საქმეზე დაიწყო გამოძიება ორი წლის წინ, თუმცა დღემდე არცერთი ადამიანი არაა დაკავებული. ეს ნიშნავს, რომ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელმა და სხვებმა 60 მილიონიდან წილი აიღეს,“ – განმარტავს კახა კუკავა.