აჭარაში მოსახლეობა ჩამორთმეული მიწების დაბრუნების მოთხოვნით აქციას მართავს
აჭარაში, კერძოდ კი გონიოში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი იმ მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც მათ წინა ხელისუფლების დროს დაუკანონეს, ერთი წლის შემდეგ კი ჩამოართვეს.
სადავო მიწები გინიოს ციხესთან და ზღვისპირა ზოლში მდებარეობს. ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი იცავს, ნაწილზე კი ხელისუფლება ტურისტიული ინფრასტრუქტურის განთავსებას გეგმავს.
პერმანენტული აქციები, მიწების დაბრუნების მოთხოვნით, რამდენიმე წელია იმართება, შეიქმნა რამდენიმე სამთავრობო კომისიაც, თუმცა საკითხი დღემდე ვერ მოგვარდა.
აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვდა. იგი მოსახლეობას ალტერნატიულ ტერიტორიებს და იქ მიწის თანაბრად გადანაწილებას სთავაზობს, რაც აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია .
აქციის მონაწილეებმა და რეგიონის ხელმძღვანელმა სასაუბროდ დარბაზში გადაინაცვლეს.