უჩა ნანუაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა ვაშინგტონში შეხვედრები გამართა. უჩა ნანუაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ატლანტიკური საბჭოს, კარნეგის მშვიდობის ცენტრისა და სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ.
ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით ქვეყანაში პოზიტიურ ტენდენციებსა და არსებულ გამოწვევებზე.
„ამერიკის შეერთებული შტატებში დაინტერესებულნი არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით და, კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით, რის შესახებაც ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ“, – განაცხადა შეხვედრების შემდეგ უჩა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესმა, კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობამ და მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობამ საქართველოში. შეხვედრებზე ხაზი გაუსვეს ასევე, შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობასა და საქართველოში შრომის უფლებების ეფექტურ რეალიზაციას.
„საქართველოში შრომის ინსპექციის გაუქმება არ შეესაბამება საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციის აღდგენა, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში შრომის უფლებების იმპლემენტაციზე ზედამხედველობა. ამ პროცესში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახალხო დამცველის ჩართულობა“, – განაცხადა სოლიდარობის ცენტრის ევროპისა და შუა აზიის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა რუდი პორტერმა. სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები