თბილისის მერია გზების მშენებლობაში ჩართული კომპანიების შემოწმებას იწყებს
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური 2 კვირის მანძილზე სერვისის მომწოდებელი კომპანიებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს.
მონიტორინგის მიზანია 2014 წელს გაცემული ნებართვების ფარგლებში კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემოწმება. აღმოჩენილი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, რაზეც ეს უკანასკნელი კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით გზების მშენებლობაში ჩართული ყველა კონტრაქტორის შესრულებული სამუშაოები მოთხოვნილ სტანდარტებსა და ნორმებს უნდა პასუხობდეს.
„მოვუწოდებთ თბილისში მიწისქვეშა კომუნიკაციების მფლობელ კომპანიებსა და სხვა კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, გადაამოწმონ და უმოკლეს ვადებში აღმოფხვრან დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია მათი საქმიანობიდან გამომდინარე“.