„ადამიანი კანონი თავისუფლება“ რეგიონებში მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავს
„ადამიანი კანონი თავისუფლება“ მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს. პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ მე-11 და მე-12 კლასელებით დაკომპლექტებული „ახალგაზრდული საკრებულოების“ შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში შეირჩევიან იმავე რაოდენობის ახალგაზრდები, რამდენი საკრებულოს წევრიც ჰყავს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ამა თუ იმ საკრებულოს.
„საქართველოს მასშტაბით არსებულ 64 მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგად 2105 დეპუტატია არჩეული. ახალგაზრდებთან შეხვედრებისა და ჩატარებული ტესტირების შედეგად შეირჩევა ამავე რაოდენობის ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდა. საუკეთესო ქულების მქონე ახალგაზრდები გახდებიან თავიანთი ქალაქის „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრები. „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრები შემდეგ შეკრებაზე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და შეიქმნება თემატური ჯგუფები“, – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჭულუხაძე.
ორგანიზაციამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან და რესურსცენტრებთან თანამშრომლობით საჯარო სკოლებიდან გამოითხოვა მოსწავლეების სიები.
„ადამიანი კანონი თავისუფლება“ წარჩინებული ახალგაზრდების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და მიესალმება მათ მაღალი აკადემიურ მოსწრებას.
„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა გვყავს მაღალი აკადემიური მოსწრებით. საქართველოს მასშტაბით ჩვენ 6000-ზე მეტ მოსწავლესთან მოგვიწევს შეხვედრა, პროექტის გაცნობა და ტესტირების ჩატარება. რთული და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო იქნება მხოლოდ 2105 მოსწავლის შერჩევა, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდები ჩავრთოთ თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ლიდერების გამოკვეთას“, – განაცხადა გიორგი ჭულუხაძემ.
მიმდინარე კვირის განმავლობაში, „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ წევრები ყოველდღიურად შეხვედრებს გამართავენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის და გურიის მხარეში, სადაც 1000-ზე მეტ ახალგაზრდას გააცნობენ პროეტს.