ირმა ინაშვილი „ნაციონალებს“: რამდენად ბოროტი და უზნეო ხალხი ხართ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს და აცხადებს, რომ თავი დაანებონ მისი წარსულის შესახებ ინფორმაციების მოძიებას. როგორც ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, თუკი მისი წარსულის შესახებ ინფორმაციებს მოაგროვებენ, ცოტა ზნეობა გამოავლინონ, რომ კარგად შეფუთონ.
„მოკლედ, თხუნელასავით თხრიან ნაცისტები. თხრიან და თხრიან. ხან რას გამოთხრიან და ხან – რას. ხან ებრაელი ვარ, ხან – სომეხი. ისე, ებრაელები ძალიან მიყვარს, სომხებსაც პატივს ვცემ, მაგრამ არც ერთი ვარ და არც მეორე. მთიული ვარ, მთიული! პატივცემულმა ნაცისტმა თხუნელებმა ეს რომ გაიგეს, ახალი „სიბრძნე“ გამოაცხვეს,- ებრაელი მთიული ხარო. კაცო, ჩემი შორეული წინაპრები ჯერ ხევსურეთში ცხოვრობდნენ, გოგოჭურები იყვნენ, ხევსურები, მერე ბარის მთიულეთში, ქაისხევში დასახლდნენ. ისიც ბევრჯერ მითხრეს, რომ КГБ-ს აგენტი ვარ, ხანაც- ГРУ-სი! მერე რომ გაიგეს, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავსო, სხვა „სიბრძნე“ გამოაცხვეს – ვაშინგტონში ეგ კრემლის გავლით დაფრინავსო. საინტერესოა, ვისი თვითმფრინავით დავფრინავ, „მოსადის“ ხომ არა?! მოკლედ, თხრიან თხუნელები. თხრიან და თხრიან და ახალი „კომპრომატი“ გამოთხარეს,- ნორჩმა ინაშვილმა ლექსი კომკავშირზე დაწერაო. აფერუმ! მაგარი „კომპრომატი“ გამოგითხრიათ.
ნუთუ ისე გძულვართ, რომ მზად ხართ სკოლის ასაკის მოსწავლეც კი გამასამართლოთ?! ამთავითვე გეტყვით, რომ ლექსი არაგველებს ეძღვნება და 1982 წელსაა დაწერილი… თუმცა, ჯერ ისევ ზიზღს დავუბრუნდეთ. კი გძულვართ, მაგრამ ცოტაოდენი ზნეობა მაინც გამოავლინეთ, რომ ეს სიძულვილი როგორმე შეფუთოთ. მაშინ მთელმა ქვეყანამ იქნებ ვეღარ დაინახოს, რამდენად ბოროტი და უზნეო ხალხი ხართ. ტყუილად კი არ გეძახით ნეობოლშევიკებს. სწორედ ასე იქცეოდნენ თქვენი წინამორბედი ბოლშევიკები. რაც შეეხება ლექსს. ვიმეორებ: ის 1982 წელს, ბარისახოში დავწერე და 300 არაგველის ხსოვნას მივუძღვენი. კიდევ კარგი, ჩემი მშობლები ჩემს ჩანაწერებს დიდ ალბომში ინახავდნენ და მერე მეც გავაგრძელე ყველა ნაგლეჯის შენახვა, თორემ, ალბათ, ჯვარზე გამაკრავდით. ლექსმა სკოლაში მოწონება დაიმსახურა. როგორც მახსოვს, პარტიის ინსტრუქტორებსაც მოეწონათ და პოპულარულ ბროშურაში დაბეჭდეს. ოღონდ, რედაქციას საკუთარი, პარტიული ინტერპრეტაციით წარუდგინეს. აი, როგორც თქვენი წინამორბედი ბოლშევიკები იქცეოდნენ ხოლმე, ისე… თუ ვინმე ამ ბროშურას მომაწვდის, მადლიერი დავრჩები, რადგან ჩემს არქივში შევინახავ. ესაა ჩემი კომენტარი ამ მარაზმზე“, – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები