სოფლის მეურნეობის მინისტრი პოლონეთის ელჩს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პოლონეთის ელჩს საქართველოში ანჟეი ჩეშკოვსკის შეხვდა – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების მიზნით, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ახალ სამთავრობო პროექტზე “დანერგე მომავალი” გაამახვილა.
როგორც შეხვედრაზე პოლონეთის ელჩმა განაცხადა, სასოფლო-სამეურნეო დარგში თანამშრომლობას საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს განკუთვნილი. პოლონეთის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ პოტენციალს, რომელიც საქართველოში აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზეც, რომლის წინაშეც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დგას. მინისტრმა პოლონეთის ელჩს ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
,,ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო ევროპულ ოჯახთან დაახლოების მიმართულებით. DCFTA-ს ამოქმედება ქართულ პროდუქციას მსოფლიოს უმსხვილეს – 500 მლნ-იან ბაზარს უხსნის. ამისთვის საჭიროა მასშტაბური სამუშაოების ჩატარება, სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით. ამ მიზნით ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობაში პოლონური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოში ბიზნესფორუმის გამართვის საკითხი განიხილეს.