დავით კირკიტაძე: მზად ვარ, პასუხი გავცე ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, რომელიც „გაზპრომის“ აქციონერის მითითებით შეთითხნეს

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ამერიკაში სასწავლებლად იმყოფება, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება. დავით კირკიტაძის განცხადებით, იგი სწავლას 2015 წლის 10 ივლისს ასრულებს და სწავლის დასრულების შემდეგ მზად არის, გამოძიების კითხვებს უპასუხოს. მისივე თქმით, იგი საქართველოში ყოფნისას გამოძიებასთან თანამშრომლობდა და მომავალშიც ითანამშრომლებს.
„რუსი ოლიგაქრის დავალებით, პოლიტიკურ იარაღად გადაქცეულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ბრალი წამიყენა სახელმწიფოს მიერ ინვესტორთან აღებული ვალდებულების შესრულებისა და ბიზნესის დახმარებისათვის. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს ხალხის დასაქმებაზე, დაეხმაროს ბიზნესს და გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, კვლავ აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, რითაც ქვეყანას წარსულში აბრუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის მზად ვიყავი, გამეცა პასუხი ყველა კითხვაზე, საგამოძიებო სტრუქტურებს ჩემთვის 2015 წლის 10 თებერვლამდე არ მოუმართავთ. ანუ იქამდე, ვიდრე რუსმა ოლიგარქმა, რომელსაც ოფიციალურად არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებასთან, ღიად არ მისცა დავალება პროკურატურას თებერვლიდან ე.წ. სამართლიანობის აღდგენის გაგრძელების, ე.ი. რეპრესიების ახალი ტალღის შესახებ.
2015 წლის 4 იანვარს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით დროებით დავტოვე ქვეყანა და გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად. სწავლის კურსს ვამთავრებ 2015 წლის 10 ივლისს და მზად ვარ, ამის შემდეგ ჩამოვიდე საქართველოში და გავცე პასუხი ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, რომელიც „გაზპრომის“ აქციონერის მითითებით შეთითხნეს. ვურჩევ ხელისუფლებას, პოლიტიკური დევნის ნაცვლად, მიხედოს გაჩერებულ ეკონომიკას, გაუფასურებულ ლარს, შეჩერებულ მშენებლობებსა და გაზრდილ კრიმინალს, რომელმაც უკვე მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა“, – წერს დავით კირკიტაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები