სასკოლო სპორტის ფედერაცია 1921 წლის თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით აქციას გამართავს

საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია საქართველოში 1921 წლის თებერვალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქციას გამართავს. აქციის საინფორმაციო მხარდამჭერია საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.
ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორიც 1921 წლის თებერვალში საქართველოს ოკუპაციაა, მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
„აუცილებელია მოზარდმა დღესვე ისწავლოს სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ხსოვნასადმი გააზრებულად პატივის მიგება. აუცილებელია მომავალმა თაობამ პატივი მიაგოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას და საქართველოს ყველა სკოლას ვთავაზობთ 25 თებერვალს, 09:01 საათზე წუთიერი დუმილით გამოვხატოთ სამშობლოსათვის დაღუპულთა პატივისცემა“, – აცხადებენ ფედერაციაში.
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია სკოლებს სთხოვს, წუთიერი დუმილით პატივის მიგებამდე, 18-24 თებერვალს გაკვეთილების დასრულების შემდეგ ყველა სადამრიგებლო კლასში აღნიშნულ თემატიკაზე კლასის საათი ჩატარდეს.
„დამრიგებელმა მოსწავლეებს უნდა ესაუბროს თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საუბრისას ყურადღება გამახვილდეს, რომ წუთიერი დუმილით პატივის მიგება არის არა ვინმეს, ან რამის წინააღმდეგ მიმართული აქცია, არამედ საკუთარი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების სწორად გასაგებად გამოხატული პოზიცია“, – აღნიშნავენ ფედერაციაში.
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნებს ოკუპაციისადმი მიძღვნილი ღონისძიების ამსახველ სკოლაში გადაღებულ 1-3 ფოტოს. ფოტოები შესაძლებელია გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: okupacia.sssef@gmail.com -ზე. ფედერაციის თხოვნაა, გაგზავნისას გაითვალისწინოთ შემდეგი – გრაფაში „თემა“ მიუთითოთ სკოლის სრული დასახელება. გრაფაში „შინაარსი“ მიუთითეთ საჯარო სკოლის დირექტორის მონაცემები და სკოლასთან დაკავშირების საჭიროების შემთხვევაში – საკონტაქტო პირის მონაცემები, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები