საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს – ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური იუწყება. ამავე ინფორმაციით, საკითხები, ძირითადად, 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს მოიცავდა.
მსჯელობის შედეგად კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ განსახორციელებელ პროექტებს, როგორებიცაა დიდუბის რაიონში თევდორე მღვდლის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, ასევე თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წრიული გზის გადაკვეთაზე სატრანსპორტო ერთდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები, აბაშიძის ქუჩისა და 9 ძმის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია, გლდანის სასაფლაოს მისასვლელის გზისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიაღვრე ქსელის მიმდინარე სამუშაოები.
დეპუტატებმა სხდომაზე ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს დ. აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა-რეაბილიტაციას, რუსთაველისა და ჭავჭავძის გამზირების, ასევე ვარაზის ხევის, კოსტავას, მელიქიშვილის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების რეაბილიტაციასა და პეტრე- პავლეს სასაფლაოს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც.
საკრებულოს წევრებმა კომისიის სხდომაზე თბილისის მასშტაბით რიგ მისამართებზე შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობის, მდ. მტკვარზე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციისა და მარშალ გელოვანის გამზირზე მდინარე დიღმურაზე არსებული ხიდის რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციების შედგენის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ პროექტებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. ამავე სხდომაზე თანხმობა მიეცა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც მთაწმინდის, ნაძალადევის, ისნისა და ჩუღურეთის გამგეობებმა წარმოადგინეს. სხდომას კომისიის წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები