ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულ ხუთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული კიდევ ხუთი მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, ხუთივე პირის ნეშტებს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, პროცესი ამით არ დასრულებულა, უახლოეს პერიოდში კიდევ შვიდი პირის მონაცემებს ელოდებიან.
“პარალელურად გრძელდება ასევე მუშაობა აფხაზურ მხარესთან როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველების გადმოსვენებაზე, ისე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სავარაუდო სამარხების გახსნაზე და იდენტიფიცირებაზე, სადაც სავარაუდოდ, აფხაზი მეომრები უნდა იყვნენ დაკრძალული. არის რამდენიმე ასეთი სამარხი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
იდენტიფიცირებული ხუთი მებრძოლის ნეშტს დღეს, 17:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 24 თებერვალს მათ თანამებრძოლების გვერდით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.