არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოტე კუბლაშვილის 10-წლიანი მუშაობა გააპროტესტეს
დღეს 11-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უზენაეს სასამართლოსთან მდუმარე აქცია გამართა. მათ კონსტანტინე კუბლაშვილის 10-წლიანი მუშაობა გააპროტესტეს.
როგორც “კვირას” აქციაზე მყოფმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა განუცხადა, კონსტანტინე კუბლაშვილმა ვერ შეძლო იმ რეფორმების გატარება, რაც სასამართლო სისტემას დამოუკიდებელ ინსტიტუტად აქცევდა. მისივე თქმით, მომავალი თავმჯდომარის პროფესიონალიზმი სწორედ ახალი, ეფექტური და შედეგიანი რეფორმების გატარების მიხედვით გამოჩნდება.
“ამ აქციით კოტე კუბლაშვილის 10-წლიანი მმართველობა გავაპროტესტეთ. მიგვაჩნია, რომ მან ამ პერიოდის განმავლობაში მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი სათანადოდ ვერ გაართვა, მან ვერ შეძლო, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი გამხდარიყო. მოსამართლეების მხრიდან ბევრ გადაცდომას ჰქონდა ადგილი, რამაც უამრავი ადამიანი დააზარალა. მიმაჩნია, რომ ახალ თავმჯდომარეს ურთულესი მემკვიდრეობა ერგება და მისი პროფესიონალიზმიც სწორედ მაშინ გამოვლინდება, როცა ღირსეულ, ეფექტურ და შედეგიან რეფორმებს გაატარებს და სასამართლოს დამოუკიდებელ ინსტიტუტად აქცევს “, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
კოტე კუბლაშვილმა მდუმარე აქციას მდუმარებითვე უპასუხა.