ისნის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო
დედაქალაქში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ისნის რაიონში მშენებარე ბაგა-ბაღის შენობის საფუძველში დღეს კაფსულა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო.
თბილისის მერის განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი არ იყო და მშობლებს ბავშვების ბაღში ტარება შორს უწევდათ. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი აღნიშნული პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას მოეხსნება.
თემურ თორდინავას თქმით, ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 12 ჯგუფი გაიხსნება, სადაც 450-მდე ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღებას შეძლებს. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა ონაშვილი ქუჩა N1-ში, ყოფილი 37-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე დაიწყო. 4700 მ2 მიწის ფართობზე 2300 მ2-ს ორსართულიანი შენობა აშენდება. საბავშვო ბაღის ეზოში ბავშვებისათვის გასართობი ცენტრები მოეწყობა, გამწვანდება ეზო. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლოატაციაში 2015 წლის ბოლოსთვის შევა. მშენებლობაზე 50-მდე ადამიანი, საბავშვო ბაგა-ბაღში კი 75-მდე ადამიანი დასაქმდება. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ტრანსმშენი’’ აწარმოებს.
ჯამში, დედაქალაქის ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 3 393 000 ლარი დაიხარჯება.