საცობები და ორმოები – როგორ აპირებს თბილისის მერია მწვავე პრობლემის მოგვარებას
საცობები, დაზიანებული გზები, ე.წ. ორმოების სიმრავლე და უკმაყოფილი მძღოლები – თბილისის გზებზე არსებული პრობლემების მოწესრიგება დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
მერიის მოქმედი თუ ყოფილი ხელმძღვანელობის არაეფექტური მუშაობის სავალალო შედეგი – ვისი ბრალეულობა იკვეთება შექმნილ ვითარებაში? – გასული წლის გაზაფხულზე დავით ნარმანიამ, რომელიც მაშინ მერობის კანდიდატი იყო, დედაქალაქის იმჟამინდელი ხელმძღვანელობა საბოტაჟში დაადანაშაულა
რას აცხადებდა მაშინ დავით ნარმანია: “გზები ის თემაა, რომელთა მიმართებაში შეგნებულ საბოტაჟს ეწევა დედაქალაქის ხელისუფლება. მათ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა მოეგვარებინათ გზების პრობლემა და ჯერ კიდევ იანვრიდან უნდა დაეწყოთ გზების მოწესრიგებაზე ზრუნვა, გამოეცხადებინათ ტენდერები და ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ სწრაფადვე უნდა მოეხდინათ გზების რეაბილიტაცია, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ
დავით ნარმანიას საპასუხოდ დედაქალაქის მერიის იმჟამინდელი წარმომადგენლები საკრებულოსკენ თითს იშვერდნენ და მიზეზად დედაქალაქის ბიუჯეტის არქონას ასახელებდნენ.
საკრებულოს წარმომადგენელი ჯაბა სამუშია ბრალდებებს აბსურდულს უწოდებდა და ამბობდა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, თბილისის ბიუჯეტში იყო თანხები დაზიანებული გზების რებილიტაციისთვის.
იმ პერიოდის მანძილზე ქალაქის ბიუჯეტის საკითხი დედაქალაქის თვითმმართველ ორგანოსა და თბილისის მერიას შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი იყო.
სპეციალისტები ამბობენ, რომ დედაქალაქის გზების არასახარბიელო მდგომარეობა დიდიწილად სწორედ მაშინ თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების დაპირისპირების შედეგია.
როცა ოპონენტები ურთიერთბრალდებების რეჟიმზე იყვნენ გადასულები, დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსავლელად არავის ეცალა.
გზების სპეციალისტებითს თქმით, დაზიანებული მონაკვეთებზე შესაბამისი სამუშაოების დროულად არ ჩატარებამ დაზიანებები კიდევ უფრო საგრძნობი გახადა.
კაპიტალურად დაგებული გზის ექსპლუატაციის ვადა მინიმუმ ათი წელია, თუმცა დაზიანების წარმოქმნის შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირება კიდევ უფრო მძიმე სურათს იძლევა.
თბილისის მერიაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა მიდგომები საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, – ეს განცხადება დედაქალაქის მერმმა დავით ნარმანიამ თბილისში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრისას გასული წლის ბოლოს გააკეთა.
თბილისის მერიის მიერ გასული წლის აგვისტოს თვეში, საპროექტო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პირობების უსუსურობის არგუმენტით, შეჩერებული იქნა 3 206 000 ლარის საგზაო სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერები, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციისა და სახელშეკრულებო პირობების გადახედვის შემდგომ, არსებული პროექტების მიხედვით, ხელმეორედ გამოცხადდა 7 მილიონი ლარის სამუშაოები.
როგორც მერიაში განმარტავდნენ, მდგომარობის სიმძიმის გამო, გასული წლის 15 სექტემბრისთვის საჭირო გახდა დამატებით 11 მილიონი ლარის აკუმულირება, ვინაიდან, სარემონტო სამუშაოებს დამატებით 19 მნიშვნელოვანი ქუჩა საჭიროებდა.
“კვირა“ დაინტერესდა უფრო კონკრეტულად რა გაკეთდა თბილისის მერიაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, დედაქალაქის რომელ ქუჩებს ჩაუტარდათ როგორც კაპიტალური ისე სხვა სახის სამუშაოები, რა გეგმები აქვს მერიას და დედაქალაქის მერიიდან ინფორმაცია გამოითხოვა.
როგორც მერიაში აცხადებენ, 2014 წლის აგვისტოდან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 2014 წლის დეკემბერსა და 2015 წლის იანვარში, დაახლოებით, 7 000 000 ლარის ღირებულების საგზაო სამუშაოები შესრულდა. დედაქალაქის მასშტაბით მოხდა კაპიტალური, ორმოული შეკეთებები, ჩატარდა ჯეტპაჩერისა და მოხრეშვითი სამუშაოები, მოეწყო ტროტუარები. გარდა ამისა, პირველად მოხდა ბზარების შევსება მთელ რიგ ძირითად ქუჩებზე, რაც მათი თქმით, მნიშვნელოვნად ზრდის აღნიშნულ ქუჩებზე საფარის საექსპლუატაციო ვადას.
რაც შეეხება ავტომფლობელების მხრიდან თბილისის გზებზე ორმოების არსებობასთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას,
თბილისის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოცხადებულია, დაახლოებით, 1 600 000 ლარის ღირებულების ტენდერები, რომელიც ითვალისწინებს მთელი დედაქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში გზების ორმოულ შეკეთებებს, რომლებიც რამდენიმე დღეში გაიხსნება და სატენდერო პროცედურების დასრულებისა და სამუშოებისათვის შესაფერისი ამინდის გამოსვლისთანავე დაიწყება სამუშაოები.
თბილისის ქუჩების კიდევ ერთი მწვავე პრობლემა საცობებია.
ამას არც დედაქალქის მერიაში უარყოფენ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერისგან პირველი დავალება მიიღო. მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ თემურ ბარკალაიას დაავალა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე ოპერატიულად მივიდნენ.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საჭიროა სისტემის შესწავლა და იმ მიზეზების დადგენა, რაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების გამოძახებაზე დაგვიანებას იწვევს. ერთ-ერთ ობიექტურ ხელისშემშლელ ფაქტორად დავით ნარმანია პიკის საათებში საცობების არსებობა ასახელებს.
დედაქალაქის მერის აღნიშნულ განცხადებას მალევე “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ გამოეხმაურა და “ყოვლად გაუმართლებელი“ უწოდა თბილისის მერის მიერ სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის მიცემულ დავალებას.
ასოციაციამ მერია უმოქმედობაში დაადანაშაულა და თბილისის მთავრობას საცობების პრობლემის ეფექტურად მოგვარების გზების გამონახვისკენ მოუწოდა.
“საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი “კვირასთან“ საკითხზე ვრცლად საუბრისას ამბობს, რომ თბილისში როგორც თავად გზების ისე გზებზე არსებული მდგომარეობა სავალალოა.
მესხიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას თბილისის გზებზე შექმნილ საცობებზე ამახვილებს და გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.
“დღეს დედაქალაქში არის უძრაობა და არა მოძრაობა. განსაკუთრებით პიკის საათებში. ავტომობილების მომრავლება, მძღოლების მხრიდან საგზაო წესების ხშირი დარღვევა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დასუფთავების მანქანები, რომლებიც ვიწრო ქუჩებში პიკის საათებში გადაადგილდებიან, ე.წ. იამკები – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც საბოლოოდ უშველებელ პრობლემას წარმოქმნის“, – აცხადებს მესხიშვილი.
მისივე თქმით, მერიაში დაახლოებით ორი თვის წინ საცობების პრობლემაზე მომუშავე კომისია შეიქმნა.
თუმცა, როგორც მესხიშვილი აცხადებს, აღნიშნული კომისიის მიერ არავითარი ღონისძიება არ გატარებულა იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეცვლილიყო არსებული სურათი.
“თავისთავად მისასალმებელი ფაქტია, რომ შეიქმნა საცობებზე მომუშავე კომისია, ეს იყო ჩვენი ასოციაციის მოთხოვნა და მერიას დიდი მადლობა, რომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. მაგრამ სამწუხაროა, რომ თბილისის მერია არ თანამშრომლობს იმ ასოციაციებთან, ვისი დამსახურებაცაა ამ თემების არამარტო წამოწევა, არამედ დამუშავება და სტრატეგიის შექმნა“, – აცხადებს მესხიშვილი.
მისივე განმარტებით, არ არსებობს საერთო საგზაო მოძრაობის სტრატეგია, რომლის არსებობასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება.
“ამ სტრატეგიის გარეშე არცერთი პროექტი არ იქნება სრულყოფილი და საცობები არ განიმუხტება“, – აღნიშნავს მესხიშვილი.
“კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ აპირებს შექმნას ალტერნატიული კომისია, რომელიც საგზაო მოძრაობის სტრატეგიაზე მუშაობას დაიწყებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
მესხიშვილის თქმითვე, კომისია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედაქალაქში საცობების განმუხტვა რეალურად იყოს შესაძლებელი.
დედაქალაქში ტრანსპორტის ნაკადებისა და საცობების მოწესრიგებაზე იმსჯელეს თბილისში ვიზიტით მყოფმა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის მერიის დელეგაციის წევრებმა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან 3 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე.
გაფართოებულ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მანამდე დუბლინს დავით ნარმანია თავად სტუმრობდა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დუბლინში ვიზიტისას გაეცნო ქალაქის სატრანსპორტო ნაკადების და საცობების მართვის სისტემას და დუბლინის მერიის წარმომადგენლები თბილისში მოიწვია.
„ირლანდიელი სპეციალისტები ქალაქში საცობების მხრივ არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან, რის შემდეგაც, საკუთარ პრაქტიკაზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაგვიწევენ რეკომენდაციას, თუ როგორ განვავითაროთ შუქნიშნების თანამედროვე სისტემა, რათა ქალაქი საცობებისგან განვტვირთოთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გარკვეულწილად მოაგვარებს საგზაო მოძრაობის მხრივ არსებულ პრობლემებსაც.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტად და გამოწვევად რჩება მომდევნო წლისთვისაც.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ამ მიმართულებით 60 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
დედაქლაქის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ დატოვებული “მძიმე მემკვიდრეობა“ თუ დედაქალაქის არსებული ხელისუფლების არაეფექტური მუშაობა – ამ კითხვაზე ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს, თუმცა ფაქტია, რომ დღეს დედაქალაქის გზებზე არსებული ვითარება სახარბიელო არ არის.
მარიამ ზედგინიძე