დღეს შენდობის დღეა

დღეს შენდობის კვირა იწყება, ამ დღეს, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.
შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
წელს დიდმარხვა 23 თებერვლიდან დაიწყება და 12 აპრილს, უფლის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები